მესტიელი პოლიტიკური დევნილები

2010.09.15 ავტორი: ნინო თუნთია

მიმდინარე წლის 7 ივლისს, დაბა მესტიაში, მესტიის საკრებულოს წევრი, ნელი ნავერიანი და მისი ნათესავები: დავით, ტარიელ და შოთა ჯაფარიძეები დააკავეს.

მესტია

ორი დღის შემდეგ, 9 ივლისს, შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით:
 
 
 „დაკავებულები არიან მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარების და ახალგაზრდათა საქმეების სამსახურის უფროსი, დავით ჯაფარიძე, ს.ს "ენერგო-პრო ჯორჯიას"'' მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი, ტარიელ ჯაფარიძე და მესტიის საკრებულოს წევრი, ნელი ნავერიანი. ასევე, დაკავებულია მოქალაქე შოთა ჯაფარიძე. აღნიშნული პირები, კანადელ ინვესტორს, დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელის არ შეშლის მოტივით სძალავდნენ 70 000 (სამოცდაათი ათას) ლარს. დაკავების დროს აღნიშნულ პირებს თან აღმოაჩნდათ უკანონოდ მითვისებული თანხა, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის ''ა'' და ''გ'' ქვეპუნქტით“– აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიებმა, 9 ივლისს, შუადღისას გაავრცელეს, როგორც „რამდენიმე წუთის წინ მიღებული ინფორმაცია“.
 
 
 
ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ,  14 ივლისს, პრეზიდენტმა რეგიონების გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებზეც ისაუბრა:
“მინდა მოვიკითხო ქართველი ბანდიტები, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ რატომღაც მესტია მათ ეკუთვნით,“– განაცხადა სააკაშვილმა, "ჩვენ თავის დროზე განვახორციელეთ იქ სპეცოპერაცია. ვერტმფრენებიდან ავაფეთქეთ იქ კოშკი – ამ ოპერაციაში მარტო მენანება ის, რომ ის კოშკი აფეთქდა – ის ბანდიტები ჩემში სიბრალულს არ იმსახურებენ... ამ აფრასიძეს ჩვენ მოვუარეთ, სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ სვანეთში... რამდენჯერმე უფრო მეტი ტურისტი ავიდა, ვიდრე შარშან“.
 
 
 
“ამ დროს ვიღაცეები გამოხტნენ – ადგილობრივი ყოჩები და თქვეს, რომ ეს მიწა არის ჩვენი წინაპრების და თუ აქ გინდათ რამის აშენება, ძმებო, უნდა ჩაგვისვათ წილში…უცხოელ ინვესტორებს როგორ უნდა ჩაუჯდეს ვინმე წილში, მაგას აუხსნიან კარგად საქართველოს ევროპული რანგის საპატიმროებში, მრავალი შემდგომი წლის განმავლობაში მათ“, - განაცხადა სააკაშვილმა(civil.ge) მაშინ, როცა დაკავებულები ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ და მათზე უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდებოდა.
 
 


სადავო მიწები
 
 
დაკავებული ნელი ნავერიანისა და მისი მაზლიშვილების, ძმები ჯაფარიძეების სარგებლობაში არსებული, 22 000კვ.მ მიწის ფართობის შესახებ, ოჯახს მხოლოდ 1903 წელს გაცემული საკუთრების მოწმობა აქვს, სადაც წერია, რომ აღნიშნული ტერიტორია მათმა პაპამ, გირგოლ სურამის ძე ჯაფარიძემ იყიდა და მის კანონიერ საკუთრებაშია.

1903 წელს გაცემული ცნობა

1903 წელს გაცემული ცნობა

 
 
ცნობა არქივშიც ინახება, ხელმოწერილია და დამოწმებულია ბეჭდით. საუკუნის მანძილზე მიწით სარგებლობის ფაქტს მესტიელი უხუცესებიც ადასტურებენ, თუმცა, სახელმწიფომ ის მოსარგებლის ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, 2007 წელს ვინმე გიორგი სვანიძეზე გაასხვისა.
 
მიმდინარე წლის, 25 ივნისს, მიწით მოსარგებლეების დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადავო მიწები სვანიძისგან, კანადელმა ინვესტორმა, უილიამ ჯეიმს სიმფსონმა შეიძინა, რომელმაც მის კანონიერ წარმომადგენლად მესტიაში ვინმე დავით ქუხილავა დანიშნა. (სამწუხაროდ, ვერც ერთ მათგანთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, რადგან მათი მობილური ტელეფონები ან მუდმივად გათიშულია, ან სიტყვა „ჟურნალისტის“ გაგონებაზე უმალ ითიშება).

საჯარო რეესტრის ამონაწერი

საჯარო რეესტრის ამონაწერი

 
 
 
 
 
სადავო მიწების გასხვისებიდან დღემდე, არც ერთი დაკევბული ასევე არ ყოფილა ინფორმირებული საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულების არსებობის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში დაირეგისტრირონ მათ მიერ თვითნებურად დაკავებული, ან დროებით სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები.
 
 
 
აღნიშნული კანონის არცოდნა, მესტიაში ათეულობით ოჯახის  სარგებლობაში არსებული მიწების დაგკარგვის მიზეზი გახდა, როელთაც მსგავსი სახის პრობლემა ამჟამადაც აქვთ. ნავერიანსა და სახელმწიფოს შორის თითქმის სამწლიანი დავა კი, მოსარგებლეთა დაკავებით დასრულდა.
 



რა მოხდა 7 ივლისს?
 
 
როგორც სასამართლო სხდომაზე ირკვევა, 7 ივლისს,  ნავერიანთან მოსალაპარაკებლად, კანადელი ინვესტორის წარმომადგენელი, წალენჯიხელი, დათო ქუხილავა, უკვე მესამედ იმყოფებოდა. პირველი შეხვედრა სასტუმრო „მესტიასთან“ ახლომდებარე, ჯამბული ჯაფარიძის სახლში გაიმართა, რის გამოც, ეს უკანასკნელი ამჟამად ძებნაშია, ხოლო შეხვედრის ერთ-ერთი დამსწრე, მზევინარ ჯაფარიძე( მესტიის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი) სამართალდამცავებმა 1 თვის შემდეგ, ქუხილავას ჩვენების საფუძველზე, სამხარეო პროკურატურაში მოწმედ გამოძახების შემდეგ დააკავეეს. სასამართლომ მას 4 წელი მიუსაჯა.
 
 
ადვოკატ რევაზ თოფურიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა პირველ შეხვერდაზე ქუხილავას სათიბების, როგორც ოჯახების რჩენის ერთადერთი წყაროს დაბრუნება სთხოვეს: -„ან სხვა მიწაში გაგვიცვალეთ, ან სამაგიერო გვიყიდეთო“. თუმცა, ამ შეხვედრაზე საბოლოოდ ვერაფერზე შეთანხმდნენ. ქუხილავა, რამდენიმე ხანში, კვლავ ესტუმრა მათ და გარკვეული თანხა შესთავაზა. მეორე შეხვედრაზე მხოლოდ მიწის ფასზე შეთანხმდნენ-ინვესტორს კვ.მ-ში 10 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა, მაგრამ გადახდის ფორმაზე შეთანხმება ვერც ამჯერად მიიღწა.
 
ბოლო შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, ქუხილავამ  ნელი ნავერიანს ტელეფონით თანხის ჩატანის შესახებ აუწყა, რაზეც ამუკანასკნელმა უპასუხა: „ეს არ არის სიცილია, დიპლომატებით ფულის გადატანა-გადმოტანა რომ იყოს. ერთი თვე მჭირდება იურისტებთან დასალაპარაკებლად, ჯერ ჩემი დაზარალებულად ცნობა უნდა მოხდეს და ანგარიშსწორება ბანკით, კანონიერადო“. (აღნიშნული აუდიოჩანაწერი დაკავებულის მხარემ სასამართლოზე წარმოადგინა, თუმცა, სასამართლომ ჩანაწერი არ გაიზიარა).
 
ამის შემდეგ, ქუხილავამ  ნავერიანის მაზლიშვილებს, ძმებ ჯაფარიძეებს დაურეკა და უთხრა, რომ ეს ქალი(ანუ ნავერიანი) გაეჩუმებინათ და ფული დროზე წაეღოთ. მან ნელი ნავერიანსა და მის მაზლიშვილებს ბოლო შეხვედრა სასტუმრო „მესტიაში“ შესთავაზა, რაზეც ნავერიანისგან უარი მიიღო: „თქვენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვსო“. შეხვედრაზე ძმები ჯაფარიძეები წავიდნენ. როგორც პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილმა ქუხილავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას შეხვედრაზე დაემუქრნენ: „თუ ვინმე შემოვა ჩვენს მამაპაპეულ მიწაზე, სისხლი დაიღვრებაო“. 
 
 
 
შსს–ს მიერ 2 დღის შემდეგ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც ქუხილავას ჩვენებასთან ერთად ერთადერთი მტკიცებულებაა, დაახლოებით ამგვარი სურათია:
 
 
დავით ქუხილავა:–70 მითხარით და 70 ამოვიტანე, თვენახევარში ეტაპობრივად გადაგიხდი. გითხარით სიტყვა... 50 იყო პირველად, მერე თქვი 70... ამოვიტანე 70...
ჯაფარიძე – მოვილაპარაკებთ... დაგირეკავთ....
დ.ქ.– ხო...
ჯაფარიძე – ჩვენ ის არა ვართ ვიღაც–ვიღაცები და რაც... ძაან კარგად იცი შენც...
დ.ქ.– ხო...
ჯაფარიძე – მომისმინე, ამოდი მარტო შენ. აგერაა… ჩემს ძმას დავუძახებ და იმასა ვქნათ...
დ.ქ.– ხო...
ჯაფარიძე – ვსიო, მორჩა...
ჯაფარიძე–აგერ ხელი არ შეგეშლება არაფერში ჩვენგან, აბსოლიტურად არაფერში...
დ.ქ.–გასაგებია, ეს არის გარანტია... მითხარი მაშინაც...
მოდი აბა დათვალეთ ეს ფული.. აქ არის 70 ათასი ლარი, როგორც თქვენ თქვით, ძმაო... აგერ ერთი... ორი, სამი...
10 ათასიან დასტებად ალაგებს ფულს ჩანთიდან მაგიდაზე ქუხილავა. გავრცელებული ჩანაწერის ბოლოს, ხმა ისმის ოთახში: ოღონდ ეს არ უნდა გაიგოს ხალხმა, რა....
 
 
ვიდეოჩანაწერში ასევე ჩანს მაგიდაზე გაშლილი თანხა, თუმცა, მანამდე კადრშივე ჩანს, რომ იმ მომენტში, არც ერთ მათგანს თანხა არ აუღია.
ჩანაწერი დამონტაჟებულია და  ამიტომაც, თუ რა კონტექსტითაა გამოყენებული აღნიშნული ფრაზები, გაურკვეველია.
 
 
სასტუმროში, შეხვედრის მიმდინარეობისას,  ჯაფარიძეების გარეთ მომლოდინე ნათესავები აცხადებენ, რომ ძმები მიხვდნენ , რომ რაღაცს უწყობდნენ და შემოთავაზებაზე უარი თქვეს. მათ სასტუმროს ოთახი თანხის გარეშე დატოვეს, მაგრამ ქუხილავამ მობილურზე დაურეკა, თითქოს რაღაცის თქმა დაავიწყდა და დაბრუნება თხოვა. ოთახში მათი შებრუნებისთანავე სასტუმროში სპეცრაზმელები შეცვივდნენ და ბიჭები იატაკზე დააწვინეს.
 


ნავერიანის დაკავება და დარღვევები სპეცოპერაციისას
 
 
 
ნელი ნავერიანი, რომელიც  ქუხილავას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, შეხვედრაზე არ წასულა, სპეცრაზმმა საკუთარ სახლში დააკავა, რასაც მესტიაში პროტესტი მოყვა. მოსახლეობამ ზუგდიდისაკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რათა სამართალდამცავთათვის დაკავებულის გადაყვანის საშუალება არ მიეცათ. სამართალდამცავებმა  ნავერიანი, ზუგდიდის იზოლატორში სპეციალურად გამოძახებული ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ნელი ნავერიანი

ნელი ნავერიანი

 
 
შსს–ს გავრცელებულ მასალაში, რაიმე თანხაზე ჯაფარიძეები არ საუბრობენ, თუმცა, როცა ქუხილავა ხაზგასმით ამბობს და თითქმის აიძულებს მათ ფულის აღებას, თანხის შეთავაზების ფაქტის არსებობას, ისინი არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მხოლოდ ერთგან ეუბნებიან ქუხილავას, რომ მოიფიქრებენ და დაუკავშირდებიან. ამის შემდეგ ჩანაწერი რამდენჯერმე წყდება და ქუხილავას გადაბმული საუბრით გრძელდება, რაც აშკარას ხდის ჩანაწერის მონტაჟს. ფრაგმენტული საუბარი კი, რეალურ სურათს ვერ ქმნის და, ამიტომაც, მხოლოდ ამ ჩანაწერის მიხედვით მათ ბრალეულობაზე მსჯელობა, ძნელია. ჩანაწერი, უამრავ საკამათო კითხვებს აჩენს: პირველ რიგში, გაუგებარია, რატომ სთავაზობდნენ ძმები სხვა დროს მარტო ამოსვლას ქუხილავას, ან რატომ ეუბნებოდნენ: მოვიფიქრებთო, თუკი თანხის აღება იმ დღესვე ჰქონდათ განზრახული? 
 
 
 
თვითმხილველთა განცხადებით, სასტუმროში, დაკავებულებს ადგილზევე სცემეს. ძალის გამოყენებით გაუსწორდნენ, დაკავების ოპერაციისას, სასტუმროსთან შეკრებილ მოქალაქეებსაც. არიან დაშავებულები: გელა ჯაფარიძე, რომელსაც სპეცრაზმელის მიერ მოქნეულმა „დუბინკა“ იდაყვი გაუგლიჯა და  ქირურგიული ჩარევა დასჭირდა;http://tavisupalisitkva.blogspot.com/2010/07/2010-7.html
 
მზიური ჯაფარიძე, რომელმაც „დუბინკის“ თავში მძლავრად ჩარტყმისგან, გონება დაკარგა და მასაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მისი განცხადებით, მას  ხელჯოხი პოლიციის უფროსმა, თენგიზ გუნავამ ჩაარტყა;
 
ინგა მარგიანი, რომელსაც ასევე დარტყმის გამო ორივე იდაყვის ტრავმა მიიღო. თვითმხილველთა თქმით, დაკავების ოპერაციის დროს გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები, რომელიც ერთ–ერთ მოქალაქეს მუცლის არეში მოხვდა.
 
 
 
შსს–ს ცნობით, დაკავების სპეცოპერაციისას სამართალდამცავებს, დაკავებულთა გათავისუფლების მიზნით, რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც "სხეულის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა და ოპერატორმა“.  „წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, მესტიის პოლიციაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“,- განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
 



პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირი
 
 
ნელი ნავერიანი, მესტიაში, პოლიტიკური გაერთიანება - „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი იყო და ხელისუფლების მიმართ მუდამ მკვეთრი განცხადებებით გამოირჩეოდა. არჩევნებამდე, მას ურთიერთობა დაეძაბა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ზაზა გოროზიასთან და პოლიციის მაღალჩინოსნებთან, იმის გამო, რომ არჩევნებამდე მესტიაში ჩასულ გუბერნატორსა და მის თანმხლებთ წინააღმდეგობა გაუწია, როცა ისინი ძალითა და მუქარით აიძულებდნენ ოპოზიციონერ საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატურების მოხსნას.

ზაზა გოროზია

ზაზა გოროზია

 
 
 
 
 
გუბერნატორთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი, თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი, გიორგი შედანია, მისი მოადგილე ჯონი ბელქანია, შსს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი, პარლამენტის წევრი მმართველი პარტიდან, კანდიდ კვიციანი, მესტიის გამგებელი, გოჩა ჭელიძე და სხვა შეიარაღებული ნიღბიანები პარტია თავისუფლების 8 წევრს დაემუქრნენ და ისინი აიძულეს წინასწარ შედგენილ დოკუმენტზე არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადზე ხელი მოეწერათ. ოთხს მოაწერინეს, დანარჩენმა ოთხმა კი, მეტი წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამ ფაქტის უამრავი მოწმე და დაფიქსირდა რამდენიმე დანაშაული: არჩევნებში ნების გამოხატვის ხელშეშლა, იძულება, მუქარა, შანტაჟი, ძალადობა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობა, პროკურატურას გამოძიება სათანადოდ არ უწარმოებია, რაზეც ის ფაქტი მიუთითებს, რომ მიუხედავად უამრავი სამხილისა, ამ დრომდე არავინ დასჯილა.
 
 
 
აღნიშნული ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც წინასაარჩევნოდ ინტერნეტით გავრცელდა, სწორედ ნელი ნავერიანმა გაახმაურა, რის გამოც გოროზიას „იძულებით შვებულებაში“ გასვლა მოუხდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი იმჟამინდელი განცხადებით, ფაქტი შესწავლის პროცესშია და იკითხებიან მოწმეები და „ყოველი შემთხვევისათვის, გოროზიას მიეცა რეკომენდაცია გავიდეს შვებულებაში და ჩამოშორდეს საარჩევნო პროცესს.” http://tavisupalisitkva.blogspot.com/2010/05/blog-post_10.html
 
როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რაც სავარაუდოდ, წინასარჩევნო სკანდალის თავის არიდებას ისახავდა მიზნად და არჩევნებიდან ცოტა ხანში, გოროზია თანამდებობას ისევ დაუბრუნდა.
 
 
 
მესტიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიციიდან სულ 5 კანდიდატმა, მათ შორის ნელი ნავერიანმა გაიმარჯვა და საკრებულოში   ფრაქციაც ჩამოაყალიბა.
პირად საუბრებში, ნელი ნავერიანის დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ მისი ნათესავებიც, რომლებსაც ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოსთან შევხვდით. ისინი მომხდარით ძალიან შეშინებულები ჩანდნენ და კომენტარზე უარს აცხადებდნენ: –„ვერაფერს ვიტყვით. ნელის საუბარს და ხმამაღალ განცხადებებს, კი ხედავთ რაც მოჰყვა, ჩვენც იგივეს გაგკიკეთებენ.“
„ნავერიანი და ძმები ჯაფარიძეები არიან პოლიტიკური პატიმრები. ნავერიანმა საკრებულოში ფრაქცია შექმნა. საკრებულოში ხმის ამომღები არ მჭირდებაო, გოროზიამ განაცხადა და ეს არის მისი მოცილების მეთოდი. გოროზიას ტერორი გრძელდება,“-აცხადებდა ლეიბორისტული პარტიის მესტიის წარმომადგენელი, ალეკო ხერგიანი.
 
 
 
ოთხმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას  გამოძიების მიუკერძოებლად განხორციელებისკენ და "პოლიტიკური მოსაზრებებისგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებისკენ“ მოუწოდა.
 „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევენ, რომ ნელი ნავერიანის დაკავება, შესაძლოა, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს:- „აღსანიშნავია, რომ ნელი ნავერიანმა საკრებულოში საქმიანობა წინა მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესწავლით დაიწყო და მისი ყურადღების ცენტრში, უნებართვოდ გასხვისებული მიწების სამართლებრივი საფუძვლების მოკვლევაც მოხვდა“(ამონარიდი არასამთავრობოების მიერ 10 ივლისს გავრცელებული განცხადებიდან
 
 
 
მათი განცხადებით, ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს გამოძიების პროცედურები და ვადები. „გამოდის, რომ შსს-მ დაზარალებულის (იგულისხმება ქუხილავა-ავტ.) მიმართვიდან 5 დღის ვადაში შეძლო დაეწყო და დაესრულებინა სპეცოპერაცია - მოეპოვებინა სხვადასხვა სახის მტკიცებულებები(მათ შორის, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები), დაეგეგმა სპეცოპერაცია და წარმატებით განეხორციელებინა. შსს-ს ასეთი ოპერატიულობის საპირისპიროდ, 3 მაისს მესტიაში, ადგილობივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დღესაც არ დასრულებულა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით, არსებობდა არაერთი მტკიცებულება(არა ერთის, არამედ რამდენიმე მოწმის, მათ შორის, ამჟამად, ბრალდებულის, მესტიის საკრებულოს წევრის ნელი ნავერიანის, რომელიც თავიდანვე დაუფარავად საუბრობდა ამ საკითხებზე)  და დაზარალებულების ჩვენება, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა და ა.შ), გამოძიებამ მოწმეების დაკითხვა მხოლოდ თვენახევრის შემდეგ-ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ერთ-ერთი მოწმე-მირზა დადვანი დასაკითხად, საკუთარი სახლიდან, დილის 5 საათზე წაიყვანეს ზუგდიდში, ისე, რომ ოჯახის წევრებმა მისი ადგილსამყოფელი და ძალოვანების მიერ სახლიდან წაყვანის მიზეზი საღამომდე არ იცოდნენ,“-ნათქვამია ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. http://www.transparency.ge/post/press-release/otkhi-arasamtavrobo-organizatsiis-pasukhi-shinagan-sakmeta-saministros-14-ivlisis
 
 
 
შსს-მ არასამთავროებისადმი გაკეთებულ ღია განცხადებაში უარყო ყველა მათ მიერ გამოთქმული პრეტენზია და ეჭვების გასაქარველად  გამოთქვა მზადყოფნა „მათ ხელთ არსებული ყველა დამატებითი ინფორმაციის მოწოდებაზე“.http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=1179&lng=geo
„არაერთი განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად, მათ არანაირი დამატებითი მასალა არ მოუწოდებიათ“,-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი, ნინა ხატისკაცი.
 



რა ბედი ეწიათ „ხმის ამომღებებს?“
 
 
 
 
ლეიბორისტული პარტიის წევრს, ალექსანდრე ხერგიანს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან, მაისში მომხდარი მუქარისა და ზეწოლის ფაქტს, ნელი ნავერიანთან ერთად, ხმამაღლა აპროტესტებდა, მ/წ აგვისტოში, კამათი მოუვიდა მესტიის იმჟამინდელ გამგებელთან, გოჩა ჭელიძესთან, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხერგიანის დედას. თვითმხილველების თქმით, ჭელიძეს ამ თავხედობის გამო, ვიღაცამ სილა გააწნა, კონკრეტული პიროვნების დასახელებისგან ყველა თავს იკავებს. ორიოდე დღის შემდეგ, ხერგიანს აცნობეს, რომ მის ვაჟს აღნიშნული ძალადობის აქტის ჩადენის გამო დაიჭერდნენ, ამიტომაც გოჩა ჭელიძის რამდენიმე ახლობელმა ხერგიანს შვილის ნაცვლად ციხეში ჩაჯდომა შესთავაზეს. ამის შესახებ ხერგიანმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ვაჟთან ერთად მესტია დატოვა.

 
ნავერიანთან და ხერგიანთან ერთად, „ალიანსის“ კანდიდატმა, კახა ჟორჟოლიანმაც საჯაროდ გააპროტესტა. მ/წ 10 აგვისტოს, დილის 4 საათზე, პოლიციელებმა მისი ძმა, დავით ჟორჟოლიანი, ადამიანზე ზიანის მიყენების მუხლით, თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავეს.
დავით ჟორჟოლიანი ტურისტული ფირმის გიდია. დაკავებამდე ორი კვირის წინ, ის სახლიდან გამოდიოდა მანქანით, როცა ვიღაცამ ჩიხში მდგარი ავტომანქანა სწრაფად აამუშავა და საპირისპირო მხარეს დიდი სიჩქარით გაემართა, რის გამოც მოხდა შეჯახება. ავტომანქანის მძღოლი აღმოჩნდა ბეჩოს პოლიციის განყოფილების უფროსის ძმა, მურთაზ კვიციანი. მათ  შორის დაწყებული შელაპარაკება, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მოწმეც ბევრი იყო  და ინციდენტი სასტუმროს ვიდეოთვალმაც დააფიქსირა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შეხლა-შემოხლისას, კვიციანი დაეცა და თავი დაარტყა. ინციდენტი იმ ღამესვე ამოიწურა. ამის შემდეგ, დავით ჟორჟოლიანი მესტიაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. პოლიციაში საჩივარი არ შესულა და ის ინციდენტიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დააკავეს. მიუხედავად კვიციანის განცხადებისა, რომ  მას არ დაუნახავს ვინ დაარტყა, სასამართლომ ორი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე,  დამამძიმებელ გარემოებაში ძალადობის ბრალდებით, ჟორჟოლიანს 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.  ჟორჟოლიანის მხარემ სასტუმროს ვიდეოჩანაწერის გამოყენება ვერ მოახერხა, რადგან ის ყოველ 14 დღეში ავტომატურად იშლება. 
 
 
აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, თუ რატომ დასჭირდა პოლიციას მის დასაპატიმრებლად ზუსტად ორი კვირა.
მესტიელები მიიჩნევენ, რომ ეს იყო შურისძიება ოპოზიციონერ კახა ჟორჟოლიანზე, რომლის გაჩუმებასაც იმავე მეთოდით ცდილობენ.
 



ხელისუფლების პასუხი  
 
 
 
რამდენიმე დღის წინ კი, უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნებისგან შედგებოდა და სპეციალურად არჩევნების მონიტორინგისთვის შეიქმნა, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მესტიის ინციდენტთან დაკავშირებით ნათქვამია:-“წარმომადგენელი რეგიონში ჩავიდა და ამ ინციდენტში ჩართულ პარტიებს შეხვდა. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჯგუფმა გენერალურ პროკურატურას მისცა რეკომენდაცია დაეწყო გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. რეგიონის გუბერნატორს მიეცა ინსტრუქცია, გასულიყო შვებულებაში. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულებამდე, უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა მისცა რეკომენდაცია ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარეს, თანამდებობიდან დაეთხოვა ადგილობრივი გამგებელი (გოჩა ჭელიძე).“
 
 
გამგებელმა, ორიოდ თვის წინ, მართლაც დატოვა თანამდებობა, რაც ინციდენტში მონაწილე ყველა პირის უდანაშაულოდ ცნობის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან აუხსნელი საქციელია.
 
 
დასკვნის მიხედვით, გამოძიების პროცესში, დაიკითხა ოცამდე პირი, მათ შორის, ბრალდებულები და დაზარალებულები. გამოძიებამ გაითვალისწინა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს, როგორ ხმამაღლა გამოთქვამენ პროტესტს ადმინისტრაციის შენობის ეზოში მდგომი რამდენიმე შეიარაღებული პოლიციელის წინააღმდეგ  რამდენიმე ადამიანი. ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერით შეუძლებელია სინამდვილის გარკვევა.http://www.youtube.com/watch?v=ASd9dM3hl8c&feature=related
 
 
 
„ნინო ჯაფარიძის (ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) და ნელი ნავერიანის (ალიანსი საქართველოსთვის) ჩვენების მიხედვით, მათ იცოდნენ, რომ კანდიდატები ზეწოლას განიცდიდნენ, ნახეს ლერი და ვახტანგ ნაკანები ადმინისტრაციის შენობაში, თუმცა თავად ზეწოლის თვითმხილველები ისინი არ გამხდარან. ლერი ნაკანი აცხადებს, რომ იგი დაიბარეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. უთხრეს, რომ მისი პარტიის ლიდერმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, და მოტყუებით მოაწერინეს ხელი განცხადებაზე თითქოს არჩევნებში მონაწილეობაზე საკუთარი სურვილით ამბობდა უარს. აღსანიშნავია, რომ მან მაინც განაგრძო საარჩევნო კამპანია, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და რაიმე სირთულეები არ შეხვედრია.
ლაშა პირველმა, ვახტანგ ნაკანმა, ბოგდან ნიგურიანმა, ბაჩუკი საღლიანმა, ვალოდია საღლიანმა, მირზა დადვანმა (პარტია ”თავისუფლება”) და ნათია ჩართოლანმა (ალიანსი საქართველოსთვის) თავიანთ ჩვენებებში უარყვეს დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები.” დასკვნაში ნათქვანია, რომ ექვსი სავარაუდო დაზარალებულისგან ხუთმა მიიღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, და მათგან ორი (ლაშა პირველი და ბაჩუკი საღლიანი) არჩეულ იქნა.  ადგილობრივმა მოხელეებმა კი, უარყვეს დაშინების, ზეწოლისა და ოპოზიციის კანდიდატების მუნიციპალურ შენობაში გამოძახების ბრალდებები.
 
 
„გამგებელმა გოჩა ჭელიძემ განაცხადა, რომ ეს ბრალდებები იყო ”შავი პიარი” მის და ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი თქმით, ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტმა ისარგებლა რეგიონის გუბერნატორისა და ადგილობრივი თანამდებობის პირების ვიზიტით, რათა საპროტესტო აქცია გაემართა და ზეწოლის შესახებ ისტორია შეეთხზა. მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი პირების დაკითხვები,“- წერია დასკვნაში.
 
 
----------
P.S.მასალაზე მუშაობისას, ბევრ ადამიანს შევხვდით და ვესაუბრეთ, რომელთაგან, კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით, საუბარზე სულ რამდენიმე დაგვთანხმდა. რეპრესიების მორიგ მსხვერპლად ქცევის შიშით სვანები კვლავ სდუმან და მესტიაში ენით აუწერელი დაუცველობისა და უსამართლობის განცდა იგრძნობა:„ რომ ვთქვა მერე, მე ვინ დამიცავს? ოჯახი მაქვს, შვილები მყავს...- ჩაილაპარაკებდნენ ადგილობრივი სვანები და ცივად გვშორდებოდნენ.
რაც შეეხება, ინვესტორის მიერ ნაყიდ მიწას, ჯერჯერობით, იქ არაფერი შენდება. როგორც მესტიელებმა გვითხრეს, ის ღობეც კი მოირღვა, რომელიც მიწის ნაკვეთს ერტყა გარს.
 
 
 

 
 
 
 
 


 

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED