პრეზიდენტის სახელით ჩამორთმეული საკუთრება

2011.10.10 ავტორი: იზა სალაყაია

სენაკი-ფოთის გაზსადენის მშენებლობას ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთის 15 ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები შეეწირა. მათ ნაწილს საკუთრებები ჩამოერთვათ, ნაწილი კი, მისით ვერ სარგებლობენ. „ნავთობისა და გაზის კორპორაციას" მათთვის არც შესაბამისი კომპენსაცია გაუცია.

მილსადენმა, რომელმაც საკარმიდამო და სახნავ-სათეს მიწებზე გაიარა, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები დაუზიანა და მათ საფრთხე შეუქმნა.
მესაკუთრეების თქმით, კორპორაციამ გაზსადენის ცენტრალური მილის გაყვანის შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოტყუებითა და მუქარის გზით მოაწერინა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ არ გააფრთხილა.

Image 87

სოფელი პატარა ფოთი

ვინ ახორციელებს სენაკი-ფოთის მილსადენის პროექტს?

 

 

"ზესტაფონი- ფოთის მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი" საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 6 თებერვლის №975 დადგენილების საფუძველზე ხორციელდება.
საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, მილსადენის მშენებლობა კი, აშშ -ის განვითარების სააგენტომ (USAID) 115 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სამუშაოები „ნავთობისა და გაზის კორპორაციის" დაკვეთით "სოკარმა" განახორციელა.
სენაკი-ფოთის გაზსადენის 30კმ-იანი მონაკვეთი სოფელ თეკლათიდან იწყება და ფოთის შემოსასვლელში(სამეგრელოს მხრიდან) მთავრდება. 720 მმ დიამეტრის გაზსადენი მილი ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე გადის.



გაზის მილსადენის გაყვანით დაზარალებული ოჯახები

 

სამუშაოების დაწყების წინ, გაზის კორპორაციას კერძო მესაკუთრეებისგან ნებართვა არ აუღია. „სოკარის" მიერ ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყების შემდეგ კორპორაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გაზმომარაგების პროექტის განხორციელების შესახებ აუწყეს, რის შემდეგაც მოსახლეობას თანხმობაზე ხელმოწერა შესთავაზეს.
ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, ლია რუხაიამ კორპორაციისგან გაზის მილების მხოლოდ საყანე მიწების გადაკვეთისა და საკარმიდამო ტერიტორიის ხელშეუხებლობის შესახებ სიტყვიერი დაპირება მიიღო. ამ პირობით მან მშენებლობის დაწყებაზე თანხმობას ხელი მოაწერა.

 

რუხაიას 7500კვ.მ საყანე მიწის ნაკვეთი რეესტრში დარეგისტრირებული აქვს. კორპორაციის წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ შევარდნაძისდროინდელი საბუთები არაფერს ნიშნავს და მიწა ჩამორთმეული აქვს, ხოლო მისი ხელახლა დასასაკუთრებლად სასამართლოსთვის მიმართვა ურჩიეს. „მამა-პაპისეული მიწა იყო, მისით ვარსებობდით და წაგვართვეს. იურისტების მომსახურეობის თანხები არ მაქვს და ამ სასამართლოს პირობებში, სამართალს მაინც ვერ მიაღწევ,"- აცხადებს რუხაია და მეზობელი ჯანჯღავების სასამართლო გადაწყვეტილების მაგალითი მოჰყავს.

 

ომარ რუხაიას საკუთრებაში არსებულ 12 500კვ.მ საყანე მიწაზე ღობე დაუკითხავად მოუშალეს და მილსადენი გაიყვანეს. „ხობის გამგებელს დავურეკე: მიწას გვართმევენ-მეთქი და ტელეფონში იცინოდა. საკუთარი მიწით სარგებლობის უფლება შეგვიზღუდეს, არადა, აქ მოყვანილი მოსავალი ჩვენი ძირითადი საარსებო წყაროა," -აცხადებს ის.

 

სოფლის ზოგიერთ მაცხოვრებელს თანხმობაზე ხელი მუქარითა და იძულებით მოაწერინეს: „პრობლემები შეგექმნებაო. რის გამო უნდა დამიჭიროთ, ჩემს საკუთრებას, რომ არ გაძლევთ-მეთქი? მანამდე ჩემს მეუღლეს ეუბნებოდნენ, მოაწერინე ხელი, თორემ ცუდად წავა თქვენი საქმეო,"- აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი, ოთარ ჯანჯღავა.

 

15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა ზალიკო ხურცილავას, რომელმაც თანხმობას ხელი, კაბალური პირობების გამო არ მოაწერა და კორპორაციის წარმომადგენლებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, რა დროსაც მათ პატრული გამოიძახეს. ადგილზე მისულმა პატრულმა მოქალაქე ხურცილავა წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.

 

თანხმობაზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში მეუღლის დაკავებით დაემუქრნენ იზა რობაქიძეს

 

-„ ჩემს მეუღლეს ადრეც ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან, ამიტომ შემეშინდა და მოვაწერე ხელი. ფინანსური პრობლემები გვქონდა, სახლის გაყიდვას ვაპირებდით, მაგრამ როცა კორპორაცია გედავება და ეზოში სამუშაოები მიდის, ვინ იყიდდა? პრობლემების მოუგვარებლობის გამო კი მეუღლემ თავი მოიკლა,"- აცხადებს ის.
ამ გზით მოპოვებული ხელმოწერების შემდგომ კორპორაციამ გაზსადენის 720მმ-იანი დიამეტრის მილების განთავსების სამუშაოები უპრობლემოდ განახორციელა.



კომპენსაციაზე მიღებული უარი

 

ნარგიზა ჯანჯაღავს განცხადებით, თუკი გაზსადენის ალტერნატიული გზა არ არსებობდა და მილებს მათ საკარმიდამო ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლთან უნდა გაევლო, მან კორპორაციის წარმომადგენლებს კანონით დადგენილი გონივრული ოდენობის კომპენსაცი მოთხოვა ან თანახმა იყო ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის შეძენის შემთხვევაში, საკუთრება დაეთმო.

 

ორსართულიანი სახლი და 2700კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.ს.ი.პ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ" 9 ათას ლარად შეაფასა, რასაც ოჯახი არ დათანხმდა. „ამ სახლში ამაზე მეტი რა გინდათო? და ამხელა მიწა უსასყიდლოდ მიგაქვთ-მეთქი? მიწა სააკაშვილის არისო. ხეხილი-მეთქი? ისიცო. თუ უნდა, სახლს საერთოდ დაგინგრევსო,"- აცხადებს ნარგიზა ჯანჯღავა.

 

მისი შვილის, ოთარ ჯანჯღავას თქმით, ფოთის აუდიტმა მხოლოდ ეზო 60 ათას ლარად შეაფასა. „40 ათასზეც თანახმა ვიყავი. 9 ათას ლარად სახლი როგორ უნდა შემეძინა?"-აცხადებს ის.
კომპენსაციაზე შეთანხმება კორპორაციასა და ჯანჯაღავების ოჯახს შორის არ შედგა და „სოკარმა" ჯანჯღავების საკარმიდამო ნაკვეთზე მილის გაყვანა გააგრძელა, რის შემდეგაც დავა სასამართლოში გაგრძელდა.



"მესაკუთრე ჯანჯღავა მოსარგებლე– კორპორაცია"

 

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ფოთის საქალაქო სასამართლოს ჯანჯაღავების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის-1961 კვ.მ-ის გამოყენებაზე, აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით ნებართვის მოთხოვნით სარჩელით მიმართა. მოსამართლე თემურ გოგოხიამ სარჩელი დააკმაყოფილა.
კორპორაციას მიეცა უფლება ჯანჯღავების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე თავისუფლად შესვლის, მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკისა და მასალის შეტანისა და განთავსების, სხვა ნებისმიერი სახის საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა. მიწის მესაკუთრეს კი, მიწის დაკავების, სარგებლობის, ფლობისა და კონტროლის უფლება ჩამოერთვა.

 

მესაკუთრეს პრეზიდენტის ზემოხსენებული ბრძანებულების საფუძველზე მილსადენის მშენებლობის პერიოდში, ტერიტორიაზე შესვლა ან რაიმე საქმიანობის განხორციელება აეკრძალა. "მესაკუთრე ჯანჯღავა, მოსარგებლე– კორპორაცია"– წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ ჯანჯღავებს მიწის ნაწილის დამუშავება კორპორაციასთან შეუთანხმებლად აუკრძალა, დანარჩენ ნაწილის გამოყენების ნება კი მხოლოდ კორპორაციასთან შეთანხმებით მისცა.

 

„აუცილებელი გზის უფლების" მოტივით დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, როგორც გაზსადენის სამშენებლო პერიოდში, ისე მისი ექსპლუატაციის განმავლობაშიც.



მილსადენის გაყვანისას დარღვეული სტანდარტი და საფრთხის წინაშე მყოფი მოსახლეობა

 

გაზსადენის მილები, ამჟამად, ჯანჯღავების ოჯახის საცხოვრებელი სახლთან 8მეტრში გადის. მილები მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ საყანე მიწებზეც განათავსეს.

 

მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სტანდარტის თანახმად, მილმა დასახლებული პუნქტიდან 30მ -ის მოშორებით უნდა გაიაროს.
მაგისტრალური მილსადენის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის №963 ბრძანებულების თანახმად, უსაფრთხოების კუთხით ნებისმიერ ტერიტორიაზე: მილიდან 8 მეტრის დაშორებით (ყველა მხარეს) იკრძალება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მიწის დამუშავება, მშენებლობა, ტექნიკის შეტანა, ნებისმიერი სახის კაბელის ან მილის განთავსება, ნებისმიერი სახის მასალის, მათ შორის, ნარჩენების განთავსება და ნაგავსაყრელის მოწყობა. ასევე უსაფრთხოების მიზნით, მილიდან 8მ-ის დაშორებითაა შესაძლებელი ნარგავების დარგვა, ფურაჟის შეტანა და ალის ანთება.

 

ადგილობრივი მკვიდრის, ნარგიზა ჯანჯღავას განცხადებით, გაზსადენის მილების ჩადებისას საცხოვრებელი სახლი დაზიანდა: ფანჯრები და კედლები დაიბზარა, კიბის ნაწილი ჩამოიშალა.

 

-"სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მივეცი, მათ კი ძალით გამომათრიეს ჩემი სახლიდან,"- აცხადებს ის.
მისი რძლის ნათია აფრიდონიძის თქმით, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ დაჭერით ემუქრებოდნენ. „მათი ვინაობის დადგენას ვცდილობდი, მაგრამ ჩვენი სამსახური კონფიდენციალურობას მოითხოვსო და ვინაობას არ გვიმხელდნენ," -აცხადებს აფრიდონიძე.



გაჩეხილი ნარგავები და შეზღუდვა მიწით სარგებლობაზე

 

მოსახლეობის უმრავლესობა, ანაზღაურების სანაცვლოდ ასევე ნარგავების გაჩეხვაზეც დაითანხმეს. მათ კერძო მესაკუთრეებთან ხელშეკრულება გააფორმეს.
ს.ს.ი.პ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გაჩეხილი ნარგავების სანაცვლოდ, თითო ოჯახმა 200- 500 ლარი მიიღო. თუმცა, მოსახლეობის განცხადებით, ნარგავების აღრიცხვა არ მომხდარა და კომპანიამ არსებულზე ორჯერ და სამჯერ მეტი გაჩეხა.
„მუშაობაში რამე თუ შეუშლიდათ ხელს ყველაფერს დაუკითხავად ჩეხდნენ. 300 ლარად წლობით გაშენებული ბაღი და ხეხილი გაგვინადგურეს,"- ჯანჯღავა.



პასუხი სახელმწიფო უწყებებიდან

 

 

აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, დაზარალებულმა მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტს წერილობით მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ენერგეტიკის სამინისტროს, სამინისტრომ კი გაზის კორპორაციას გადაუგზავნა.
საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ კორპორაციამ მოსახლეობასთან ხელშეკრულება დადო და კომპენსაციები გასცა, თუმცა, ეს არა მიწის, არამედ მხოლოდ გაჩეხილი ნარგავების სანაცვლოდ გადახდილი ანაზღაურება რომ იყო, წერილში განმარტებული არაა.

 

კორპორაციის დირექტორის ფინანსურ საკითხებში, ალექსანდრე საკანდელიძის მიერ გასული წლის ივნისში მოსახლეობის საჩივარზე გაცემული პასუხის თანახმად, მილსადენის მშენებლობა მინიმალურად დააზარალებს მიწის მესაკუთრეებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთები, სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუბრუნდებათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისათვის. სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, მოსახლეობა კუთვნილი მიწით ვერ სარგებლობს.
-„ფურცლებზე ვის სახელზე იქნება მიწა რა მნიშვნელობა აქვს, თუკი სარგებლობის უფლებას არ გვაძლევენ,"-აცხადებს მოსახლეობა.
მოსახლეობის ნაწილს, კუთვნილი კომპენსაციების მოთხოვნის შესახებ საქართველოს კონტროლის პალატის ქუთაისის აპარატიდან წერილობით განემარტათ, რომ მოსახლეობას კომპენსაციაზე მოთხოვნა გზის მოწყობის სანაცვლოდ არ დაუყენებია, რის გამოც გაუგებარია კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი.



იურისტის განმარტება

 

 

იურისტ ასლან ჭანიძის აზრით, გამოდის სახელმწიფომ ისარგებლა მოსახლეობის კეთილი ნებით და განზრახ შეცდომაში შეიყვანა ის. ზოგ შემთხვევაში კი ძალადობრივ გზის გამოყენება კი, მისი თქმით, დანაშაულია.

 

-„მოსახლეობას, რომლებსაც გაზსადენიდან რამდენიმე მეტრის ახლოს მიწის გამოყენება არ შეუძლია, აკრძალული აქვთ ყველანარი საქმიანობა, ხოლო მიწის ნაკვეთებზე, სადაც მილს არ გაუვლია, ვერ შედიან, გამოდის, რომ საკუთრება მთლიანად ჩამორთმეული აქვთ",- აცხადებს ის.

 

იურისტის განმარტებით კომპანია გაზსადენიდან მოგებას ნახულობს, ამიტომ ღირებული კომპენსაციის გაცემა ორივეს – სახელმწიფოსა და კომპანიას ეკისრებოდა.

 

მისი თქმით, აუდიტის მიერ 9 ათას ლარად შეფასებული უზარმაზარი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, არასაბაზრო ღირებულებაა და ალტერნატიული ფართის გაცემის საკითხი აუცილებლად უნდა დამდგარიყო.

 

იურისტი მესაკუთრეებს სახელმწიფოსა და კომპანიის წინააღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას ურჩევს.

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED