რატომ "ბნელა" განათებულ საქართველოში

2011.10.11 ავტორი:

ელექტროენერგიის ქართული სატარიფო პოლიტიკის შუქჩრდილები

ელექტროენერგიის ქართული სატარიფო პოლიტიკის შუქჩრდილები
საქართველოში თითქმის ყველა მსხვილი ბაზარი მონოპოლიურია და გამონაკლისი არც ენერგეტიკული ბაზარია. როგორს ჩანს, საქართველოს ენერგოსექტორში წარმოდგენილი ორადი-ორი მსხვილი მოთამაშე – „თელასი" და „ენერგოპროჯორჯია" – ხელისუფლებასთან ტარიფებსა და მარჟებზე იოლად თანხმდება, რაც ბაზარზე კონკურენციის არარსებობის შედეგია და პრინციპულად ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

როგორ მივიღეთ დღევანდელი ტარიფი?
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, არამედ არსებულის შენარჩუნებაა. არსებული ტარიფის ადეკვატურობის დასტურად კი მეზობელი და, განვითარებული ქვეყნების მაგალითებიც მოიტანა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოზე მაღალია. მაგალითად, სომხეთი: 1 კილოვატსაათი ელექტროენერგია – 3 ცენტი; აზერბაიჯანი – 5 ცენტი; რუსეთი – 7 ცენტი; თურქეთი – 15 ცენტი.
ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის საშუალო ტარიფი 14,8 ცენტია. საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში 20 ცენტამდე, ისევე, როგორც დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთში. ყველაზე მაღალი ტარიფია დანიაში – 38,71 ცენტი.
თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა 45 000-დან 125 000 აშშ დოლარამდეა.
„საქსტატის" ოფიციალური მონაცემით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა, 2 600 აშშ დოლარია, ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ფასი კი 10 ცენტის ფარგლებშია.
ენერგეტიკის მინისტრი მეზობელ უკრაინაში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ელექტროენერგიის დაბალ ტარიფს იმით ხსნის, რომ იქ დარგი სახელმწიფო სუბსიდიაზეა, საქართველო კი, ყველა მიმართულებით მხოლოდ საბაზრო პრინციპებით ხელმძღვანელობს და ხელისუფლება ამ დარგის სახელმწიფო დოტაციაზე აყვანას არ აპირებს.
სემეკის დადგენილებით, საქართველოში წარმოებული 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის საწარმო თვითღირებულება 4,45 თეთრია, მისი საცალო ღირებულება– 16 თეთრი, ე.ი. მთლიან ტარიფში წარმოების ღირებულებას მხოლოდ 26 პროცენტი უჭირავს.
სემეკისვე ინფორმაციით, დისპეტჩერიზაციისა და დანაკარგების ხარჯი 1-თეთრია. ე.ი. გამანაწილებელ კომპანიებს 1 კილოვატსაათი ელექტროენერგია მხოლოდ 6 თეთრი უჯდება, მაგრამ, 16 თეთრად ჰყიდიან. რაც მთავარია, ელექტროენერგიის ფასი სავსებით კანონიერია, რადგან სემეკის დადგენილებებს ეყრდნობა, თუმცა უსამართლოა, რადგან მონოპოლისტ კომპანიებს („თელასსა" და „ენერგოპროჯორჯიას"), 150-პროცენტიან მოგებაზე მუშაობის საშუალებას აძლევს.
ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს საქართველოში ელექტროენერგიის რეალურად საბაზრო საფასური და რა ლოგიკით ახდევინებენ ქართველმომხმარებელს 6-თეთრიან ელექტროენერგიაში 16 თეთრს?

სანთლის შუქზე მოსული „ეი-ი- ეს კორპორაცია"
ამერიკული კომპანია „ეი ი ეს კორპორაცია" ქართულ ბაზარზე 1997 წელს შემოვიდა, როცა ელექტროენერგია დღევანდელზე სამჯერ იაფი ღირდა, მაგრამ შუქი სანთლით იყო საძებნელი.
კომპანიამ 1998 წლის 21 დეკემბერს სააქციო საზოგადოება „თელასის" აქციათა 75 პროცენტი, გამანაწილებელი ქსელი, ჰიდროელექტროსადგურები "ხრამი 1″, "ხრამი 2″ და მეცხრე ენერგობლოკი 25 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.
პრივატიზაციის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ტარიფში აისახებოდა ამერიკული კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები და ინვესტიციები, რომლებიც კომპანიამ სისტემის რეაბილიტაციას მოახმარა.
განხორციელებული ინვესტიციები კომპანიას 20-პროცენტიან სესხად დაეწერა.
2003 წლის აგვისტოში ამერიკულმა კომპანიამ „თელასი" რუსულ კომპანიას „ინტერ რაო ეს"-ს 23 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა.
1997 წლიდან 2003 წლამდე ტარიფის ზრდის დინამიკა ასეთი იყო: რეგიონებში კვტ.სთ ელექტროენერგიის ღირებულება 4,5-დან 7,62 თერამდე გაიზარდა, თბილისში კი 4,5-დან 12,18 თეთრამდე. საშუალო ფასი მოცემულია დღგ-ის გარეშე (ელექტროენერგიის ტარიფები დადგენილია სემეკის შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე).
2003 წლისათვის მოქმედ ტარიფში უკვე ასახული იყო „ეი ი ეს კორპორაციის" მიერ გაწეული ხარჯებისა და ინვესტიციების ნაწილი.
ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე იხსენებს, რომ ამის გათვალისწინებით, „ინტერ რაო ეს"-ის მესვეური, ანატოლი ჩუბაისი, ქართულ ბაზარზე შემოსვლისას არსებული ტარიფის დაკლების რეალურ პერსპექტივაზე საუბრობდა.
-"თუმცა როდესაც შემოვიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას, მიხვდნენ, რომ ტარიფის მომატების მოთხოვნა შეიძლებოდა,"– იხსენებს ებრალიძე. „ინტერ რაომ" სემეკს 2003 წელსვე მიმართა ელექტროენერგიის ტარიფის მომატების მოითხოვნით . საფუძვლად, კი ის ხარჯი დაასახელა, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ „თელასის"გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისთვის გასწია.
სემეკში „რაოს" მოთხოვნას დავით ებრალიძე (როგორც მომხმარებელთა უფლებების დამცველი) დაუპირისპირდა და დაასაბუთა, რომ კომპანიის პრეტენზია უსაფუძვლო იყო, რადგან დასახელებული ხარჯები ფიქტიური იყო.
„სანამ "ეი ი ეს კორპორაცია" "რაოსა" "თელასს", "ხრამებს" და "მტკვარს" 23 $ მილიონად მიჰყიდიდა, მან მოახდინა ამ აქტივების გადაფასება – ჩამოწერა 210 მილიონი აშშ დოლარი, დაფარა EBRD-ისა და IFC-ის ვალები.
"თელასს" უკვე გაყიდვამდე, სესხები არ გააჩნდა და ვერც პროცენტები დაერიცხებოდა,"–აცხადებდა ებრალიძე სემეკისათვის წარდგენილ შესაგებელში და "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის საფუძველზე,„თელასის" განაწილების ტარიფი 5 თეთრის ფარგლებში დადგენას ითხოვდა.
მიუხედავად ობიექტური საფუძვლების არსებობისა, 2003 წელს ტარიფი არ შემცირებულა, მაგრამ აღარც გაზრდილა.

„რაოს" აკრძალული მეთოდი – დარტყმა წელს ქვემოთ
2005 წელს „რაოს" იგივე მოთხოვნა სემეკმა დააკმაყოფილა. 2006 წლის 1 იანვრიდან, იმპორტირებული გაზის გაძვირების მოტივით, რეგიონებისთვის და თბილისისთვის ელექტროენერგიის საშუალო ტარიფად (დღგ-ის გარეშე) 14 თეთრი დადგინდა.
იმ პერიოდში 1 კვტ სთ ელენერგიის გამომუშავებაში ძვირი თბოელექტროენერგიის წილი 22%-ს შეადგენდა (78 % იაფ და ადგილობრივ ჰიდროელექტროენერგიაზე მოდიოდა).
რატომ დაეთანხმა სემეკი კერძო კომპანიის ამ მოთხოვნას? რადგან მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა და მხოლოდ მეტი მოგების მირებას ისახავს მიზნად, სავარაუდოა, რომ კომპანიამ დააშანტაჟა ხელიუფლება და უთხრა, რომ ელექტრომომარაგებაში პრობლემები შეიქმნებოდა ან კორუფციულად გაურიგდა მას.
ასეა თუ ისე, „რაოს" აკრძალულმა ილეთმა გაამართლა: ელექტროენერგიის ტარიფი გაძვირდა, სამაგიეროდ, უწყვეტი ენეგრომომარაგება „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად შეფასდა.
ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გენადი მესხიას განმარტებით, სემეკი თითოეული ლიცენზიანტისგან 1%-ს იღებს, შესაბამისად, მის მიერ სამართლიანი ტარიფის დადგენაზე საუბარი ძნელია.
ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სემეკს "ფორმალურად დამოუკიდებელ სტრუქტურად" მოიხსენიებს: "საქართველოში ყველა ორგანო ერთი ცენტრიდან მიღებული დავალების შემსრულებელია. დავალება არის მაღალი ტარიფი და სემეკიც იღებს ასეთ გადაწყვეტილებას."
დავით ებრალიძე იხსენებს, რომ სომხეთიდან ელექტროენერგიის დაბალი ტარიფით იმპორტირების ხელშეკრულება, „რაომ" ვადაზე ადრე შეწყვიტა და ახალი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, იმპორტირება უფრო მაღალ ფასად უნდა მოეხდინა.
-" რატომ უნდა შეწყვიტო დროზე ადრე კონტრაქტი, რომელიც ელექტრენერგიის იაფად შემოტანის საშუალებას გაძლევს? იმიტომ, რომ „თელასის" მფლობელ „რაოს" ელექტროენერგიას სომხეთიდანაც „რაო"აწვდიდა?"–ამბობს ებრალიძე
2006 წლის შემდეგ, შეიცვალა საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ჰიდრო და თბოელექტროენერგიის წილი (ჰიდროელექტროენერგიის წილი 88%, ძვირადღირებული თბოელექტროენერგიის კი – მხოლოდ 12 %–ია).
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი ძირითადი მომწოდებელი გახდა 230$–დან 166 $–მდე დაიწია გაზის ფასმაც. უცვლელი მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფი დარჩა, დღგ-ის გარეშე, რეგიონებისთვის – 14, თბილისისთვის – 15 თეთრი.
დღემდე უცნობია, რა ოდენობის გაზს იტოვებს საქართველო რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად, თუმცა პრეზიდენტი განმარტავს, „ჩვენ ვაწარმოებთ საკუთარ ელექტროენერგიას და მის ექსპორტსაც კი ვეწევით რუსეთში. უცნაურია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სატრანზიტო შეღავათები რუსეთიდან იმპორტირებული მცირე ოდენობით გაზზეც". ოღონდ ეს შეაღავათები, რატომღაც არ აისახება საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ ტარიფებზე.

4,3 თეთრის ღირებულების – 15თეთრად!
რა ჯდება ამჟამად საქართველოში გამომუშავებული კილოვატსაათი ელექტროენერგია?
სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური 1-დან 4 თეთრის, თბოელექტროსადგურებისათვის დაწესებული ტარიფები 9–10 თეთრის ფარგლებში.
გენადი მესხიას განმარტებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შეიცავს: წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ტარიფებს. საქართველოში, წარმოების ტარიფი ჰიდრო და თბოელექტროენერგიიდან მიიღება და რადგან ჰიდროელექტროენერგია 3-4-ჯერ იაფია თბოზე, ტარიფის დადგენისას მიიღება შეწონილი ტარიფი. დღეს საქართველოში შეწონილი ტარიფი, დღგ-ის გარეშე, 4,3 თეთრია.


ტარიფის ზრდას მესხია სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ შემცირების რეზერვი, დღეს, თავად ტარიფშივეა:
-„ინვესტორები ჩამოსაყვანად და ენერგეტიკის გასავითარებლად ყველაფერზე წავედით, ეს ხდებოდა მომხმარებლის ხარჯზე. ენერგობაზარზე ჩეხური კომპანია „ენერგოპროს" შემოსვლის მერე, ხელოვნურად გაუზარდეს ტარიფები ჰესებს, განაწილებასა და გადაცემას, ამიტომაც გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი. მე ამას ვუწოდებ „ბენდუქიძის რეფორმას."
მაგრამ, მთავრობა მუდმივად ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების არარეალურობაზე საუბრობს.
-„ელექტროენერგიის ბაზარს აკონტროლებს ხელისუფლება, აწესებს ლობირებულ ფასებს და არ ითვალისწინებს არც ეკონომიკის საჭიროებას და არც მოსახლეობის მდგომარეობას,"– ასკვნის დემურ გიორხელიძე, რადგან საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის დაბალი თვითღირებულების, ასევე მძიმე ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ელექტროენერგიაზე გონივრული ფასი უნდა იყოს.


საკუთარი მოსახლეობისა და ეროვნული წარმოების ხარჯზე რუსულიკომპანიის გამდიდრებაში ის მარტივ ლოგიკას ხედავს: მაღალი ფასები, მაღალი შემოსავლები და არანაირი რაციონალური ეკონომიკური კატეგორიები.
მოსახლეობას პრობლემის მოსაგვარებლად არც სამართლებრივი გზა რჩება: ტარიფები სემეკის მიერაა დამტკიცებული, რაც ნიშნავს, რომ სასამართლო დავისთვის საფუძველი არ არსებობს.
ზემოხსენებულ საკითხებზე დეტალური პასუხების მისაღებად, წერილობით მიმართვაზე სემეკმა არ გვიპასუხა.
ერთი, მნიშვნელოვანი დეტალიც: ქვეყნის ენერგოგანვითარება (ხელისუფლება კი სწორედ ასეთ ენერგოგანვითარებულ ქვეყნად წარმოაჩენს საქართველოს)განისაზღვრება იმით, თუ რა ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს მისი მოსახლეობა.
USAID-ის კავკასიის ოფისის მონაცემებით, თბილისში აბონენტთა უმეტესობა შეჭირვებული ფენაა, რომელიც თვეში 100 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს და ელექტროტექნიკიდან მხოლოდ ტელევიზორს, მაცივარს, უთოსა და სარეცხის მანქანას სჯერდება (ისიც ყოველთვის ოთხივეს ერთად არა).
ამ ციფრებიდანაც აშკარაა, რომ ელექტროენერგიის ადეკვატური ტარიფი საგრძნობლად გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ყოფას.
ისმის კითხვა: რატომ იყიდება 4,3 თეთრის საწარმოო თვითღირებულების პროდუქტი „თელასისა" და„ენერგოპროჯორჯიის მიერ" 15 თეთრად, ანუ სამჯერ და მეტჯერ ძვირად და საქართველოს მოქალაქეებისა და რესურსების ხარჯზე, რატომ ამუშავებს ჩვენი ხელისუფლება რუსეთის სახელმწიფო კომპანია „რაოს"ს 150-%იან მოგებაზე, მაშინ, როდესაც დასავლურ ქვეყნებში კერძო კომპანიების მოგების მაქსიმალური მარჟა 6-7 %-ის ფარგლებშია.

 

ნინო ხაჩიძე


ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation.

Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED